четверг, 1 марта 2012 г.

სოფელი ძველი სენაკი



          სოფელი ძველი სენაკი, სამეგრელოს ეს კურთხეული მიწა დიდი ისტორიის მქონე, ერთ-ერთი უძველესი  სოფელია საქართველოში. იგი სენაკის რაიონული ცენტრის ჩრდილო-აღმოსავლეთი მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება სოფელი ნოქალაქევი,  რომელიც ცნობილია უძველესი ქალაქის არქეოპოლისის სახელწოდებით, დასავლეთით - სოფელი ეკი, აღმოსავლეთით - სოფელი გეჯეთი და სამხრეთით - ქალაქი სენაკი   და სოფელი ნოსირი.

        ძველი სენაკი მდიდარია ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებით. ვის არ მოხიბლავს და არ მოიყვანს აღტაცებაში სოფლის შუაგულში აღმართული რვაასწლოვანი ჭადარი და მაცხოვრის  ეკლესია, ან მთიდან გადმომზირალი წმინდა გიორგის  ეკლესია და შხეფის ციხე.







    სოფელი ჩრდილოეთის მხრიდან შემოფარგლულია გორაკ - ბორცვების ზოლით,  რომელიც ცნობილია   უნაგირას   სერის  სახელწოდებით. მის ფერდობებზე   იზრდება   კოლხური   ტყისათვის    დამახასიათებელი მცენარეულობა: რცხილა, წიფელი, თელა, კოპიტი, მუხა, ცაცხვი, მურყანი, აკაცია, წაბლი, ბზა, თხილი და ბროწეული. ტყის განაპირა ზოლში - ასკილი,  მაყვალი და იელი.

         ფრინველებიდან    გვხვდება:   შაშვი,   ჩხიკვი,   წიწკანა,   წივწივა,  ბეღურა, კოდალა,   ბულბული  და  მწყერი,  იშვიათად  ოფოფი  და  ხოხობი.  მტაცებელი ფრინველებიდან: ქორი, ძერა, მიმინო და ყვავი. ჭაობიან ადგილებში გვხვდება ყანჩა. ზამთრობით კი მოფრინავენ იხვები.




     ტყის ზონაში მტაცებელი ცხოველებიდან გვხვდება მგელი, ტურა, მელა, მაჩვი და კვერნა.   მღრღნელებიდან   გავრცელებულია    კურდღელი,  მინდვრის თაგვი, ვირთაგვა, მემინდვრია,   ზღარბი  და   თხუნელა.   მინდვრებსა  და    ბაღებში - გომბეშო.     ჭაობიან ადგილებში - ტბის  ბაყაყი.



       ძველი სენაკი და მისი ისტორიული  ძეგლები მრავალ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შრომებშია მოხსენებული. საინტერესო ცნობებს გვაწვდის ძველი სენაკის შესახებ იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი, რომელიც საქართველოში 1630 წელს ჩამოსულა და 18 წელი სამეგრელოში უცხოვრია. იტალიაში დაბრუნების შემდეგ მან გამოსცა წიგნი, ამ წიგნს დართული აქვს სამეგრელოს რუკაც, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი ეკლესიით.




        საინტერესო   ცნობებს    გვაძლევს    აღნიშნული    ეკლესიის     შესახებ    ნიკო დადიანი თავის  წიგნში  ,,ქართველთა   ცხოვრება”.  იგი   წერს   ,,ძველი   სენაკის ეკლესია აღაშენა ლეო დადიანმა მანუჩარის ძმან.” ეს ის ლევან მეორე დადიანია, რომელიც  ოდიშის   მთავარი   გახდა   1611   წელს.   ლამბერტი   ლევან  დადიანის შესახებ   წერდა,    რომ    მან     ,,უთვალავი    ოქრო-ვერცხლის    ხატი    გაკეთებინა თვალ-მარგალიტებით   შემკობილი.   ერთი   წლის   განმავლობაში   20-ზე   მეტი ოქრომჭედელი    ჰყავდა,   რომლებიც    განუწყვეტლივ   ამკობდნენ   საეკლესიო ნივთებს”...…


      არქანჯელო ლამბერტის წიგნი ,,სამეგრელოს აღწერა” საინტერესოა არა მარტო იმით, რომ უცხოელი მწერალი და მოგზაური ძვირფას ცნობებს გვაწვდის 350 წლის წინანდელ ძველ სენაკსა და მის ეკლესიაზე, არამედ იმითაც, რომ ავტორი გვაძლევს ახსნას ძველი სენაკის წარმოშობის შესახებ. იგი წერს - ,,ამ ადგილს ადრე ერქვა ,,სინგამე” (მდინარე ტეხურის ძველი სახელწოდება).
   მდინარე სინგამესა და მის ნაპირზე დასახლებას ამტკიცებს იტალიელი მოგზაური ფლავიუს არიანეც, მის წიგნში - “მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო”, მან მდინარე ტეხურს უწოდა - “სინაგჰი”. ადვილი შესაძლებელია წერს იგი, რომ გამოთქმათა სხვადასხვაგვარობის გამო (სინგამე, სინაგჰი) გადაიქცა სენაკად, ადგილმა კი შეინახა ეს სახელი და შემორჩა კიდეც. თუ დავეყრდნობით ლამბარტის ცნობებს გამოდის, რომ ძველი სენაკის დასახლება ჯერ კიდევ მე-2 საუკუნეში არსებულა. თავად ,,სენაკი” ძველი ქართული ლექსიკონის მიხედვით სალოცავ ადგილს, ბერ-მონაზვნებისათვის განცალკევებულად მდგომ ნაგებობას ნიშნავს. სავარაუდოა, რომ ძველი სენაკისთვის სახელის მიკუთვნება გამოიწვია წარსულში აქ არსებულმა სალოცავებმა.



   შალვა დადიანი ამ უძველეს სოფელს ასე ახასიათებს თავის წიგნში ,,მოგონებანი”  - ,,წინათ სენაკი ერთი ყოფილა სამეგრელოში და ეს სენაკი იყო კიდეც ამ არემარეზე. აქ მოდიოდნენ იმერლები, მოჰქონდათ ღვინო. სამაგიეროდ ყიდულობდნენ ხარებს, ძროხებს, ცხენებს და სხვა. მოდიოდნენ ბერძნებიც და იძენდნენ აბრეშუმს, სიმინდს, თხილს და ა. შ., ერთი სიტყვით, აქ დიდად გაცხოველებული აღებ-მიცემობა იყო გაჩაღებული. ჩემს დროს მას ძველი სენაკი ერქვა და დღესაც ასე ქვია.”
   ამ ისტორიულ სოფელში ყოველწლიურად იმართებიდა დიდი ბაზრობა (,,იარმარკობა”). აქ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. ვის არ ნახავდით აქ: თათრებს, ბერძნებს, ებრაელებს. მათ ჩამოჰქონდათ ოქროს და ვერცხლის ნივთები, ძვირფასი თვლები, ხალიჩები და სხვა.



    დღევანდელი სტადიონის ადგილზე, რომელსაც ძველად ,,ოხოჯე” ერქვა, უზარმაზარი ცაცხვის ძირში იმართებოდა ცეკვა-თამაში, სადაც თავს იყრიდა ახალგაზრდობა. იყო შეხვედრები გასათხოვარი ქალიშვილებისა და საცოლე ვაჟკაცებისა, ხშირად აქ  ეყრებოდა საძირკველი მომავალ ოჯახებს. ზეიმს აგვირგვინებდა ქართული ჭიდაობა. ხალხის ტევა არ იყო საჭიდაო მოედანზე, “ბულვარში”, - ასე ეძახდნენ დღევანდელი კულტურის სახლის ეზოს. მოჭიდავეთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ნესტორ ესებუა, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც გადმოცემით ვიცით, ის ყოფილა მაღალი, ბეჭგანიერი, წელწვრილი, სიტყვა-ძვირი, თავმდაბალი. მისი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევდა ხალხში. ნესტორი თურმე ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მისი ბეჭი მიწას არ გაკარებია. ის ფალავანთა-ფალავანი იყო და ასე დარჩენილა ბოლომდე.
  1874 წელს აკაკი წერეთლის შუამდგომლობით და ძველ სენაკელთა მონდომებით გაიხსნა ერთკლასიანი სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს ძველი სენაკის სკოლაში 21 მოსწავლე ირიცხებოდა.






        1884 წლის 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული სკოლა. მის კურთხევაზე სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს. სკოლას არაერთხელ სწვევია პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ბრძენი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყიფიანი, შემდეგ არსენ წითლიძე...



    ძველ სენაკში, საგიგიბერიოს უბნიდან მოჩანს ეკლესიის ნანგრევები. ეს ეკლესია ატარებს წმინდა გიორგის სახელს. ამ ეკლესიის შესახებ ხალხში ძალიან მწირი მონაცემები მოიპოვება. ხალხში შემორჩა ის, რომ ტაძარი აგებული ყოფილა მეთორმეტე საუკუნეში ქვითკირისაგან. ფუნქციონირებდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე. საბჭოთა პრიოდში ტაძარი გაუპარტახებიათ.




    დღეს ჩვენს სკოლაში ისევ რეკს აკაკის მიერ ჩამოკრული ზარი, დღემდე გუგუნებს ყველა მოსწავლის, ნამდვილი ქართველების გულში.









































1 комментарий:

  1. Casino Junket - Jtm Hub
    Welcome 남양주 출장마사지 to Casino Junket, the newest casino and 인천광역 출장마사지 resort in Greater Chicago! Experience the thrill of 여수 출장안마 a luxurious casino with the latest Vegas Feb 2, 2016 · Uploaded by 안성 출장안마 JTJH 전라남도 출장샵

    ОтветитьУдалить